ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი

 

Logo - CC

მიზნები

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები:  საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.


შემადგენლობა

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში მუშაობენ: აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, სამი პროფესორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა (ინსტიტუტის ხელმძღვანელი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩხარტიშვილი, ისტორიის დოქტორი ჯაბა სამუშია; შვიდი ასოცირებული პროფესორი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე, ისტორიის დოქტორი ბონდო კუპატაძე, ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი; სამი ასისტენტ-პროფესორი – ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე, ისტორიის დოქტორი ლერი თავაძე, ისტორიის დოქტორი ალექსანდრე ბოშიშვილი.

 

სასწავლო პროგრამები.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორები მონაწილეობენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სხვა ფაკულტეტების სასწავლო პროგრამებში. უკლებლივ ყველა არის ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედი ისტორიის საბაკალავრო პროგრამის (ხელმძღვანელები:  პროფ. თედო დუნდუა, პროფ. თეიმურაზ პაპასქირი, პროფ. ლევან გორდეზიანი) მონაწილე.

ასევე, უკლებლივ ყველა პროფესორი ჩართულია სამაგისტრო პროგრამაში „საქართველოს ისტორია“ (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი). ინსტიტუტის პროფესორთა უმრავლესობა  მონაწილეობს სადოქტორო პროგრამაში „ისტორია“ (ხელმძღვანელები: პროფ. თ. დუნდუა, მ. ჩხარტიშვილი... პროგრამის კოორდინატორი  პროფ. ლევან გორდეზიანი).


საერთაშორისო თანამშრომლობა.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული აქვს შეთანხმება რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენთთან. ამას გარდა, თითოეული პროფესორი ინდივიდუალურად არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმისა თუ სამუშაო შეხვედრის მონაწილე.


პუბლიკაციები

ამჟამად ინსტიტუტში გამოდის ორი სამეცნიერო ჟურნალი – „თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“ და „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები“.

„თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა 2011 წლის 18 თებერვალს. სულ გამოსულია შრომების 8 ნომერი, დამატებით – ორი სპეციალური გამოშვება. „ახალგაზრდა ისტორიკოსთა შრომები“ წარმოდგენილია ორი ნომრით.

ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა სამეცნიერო კრებულები ”საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები” (ტომი 9, 2008, რედ. მ. ჩხარტიშვილი ) და ”ქართული წყაროთმცოდნეობა” (ტომი 12, 2010, რედ. გ. ალასანია და მ. ჩხარტიშვილი).

ყოველწლიურად ცალკეული პროფესორების მიერ გამოქვეყნებული სტატიების თუ მონოგრაფიების  საერთო რიცხვი  მრავალ ათეულს აღწევს.

 

სემინარები და კონფერენციები

საქართველოს ისტორიის დარგში უახლესი მიღწევები წარმოჩენილია საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც პირველად 2010 წლის 28-29 ოქტომბერს ჩატარდა.

2009 წლის ნოემბერში საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის ინსტიტუტთან ერთად  იყო ორგანიზატორი მეოთხე საერთაშორისო  კონფერენციისა ”ვია ეგნატია” - კულტურული, პოლიტიკური, რეგიონალური იდენტობანი; ხალხები და სახელმწიფოები წარსულში და დღეს”. ეს სამეცნიერო ფორუმი  დიდი მნიშვნელობის მოვლენას წარმოადგენდა არა მარტო ინსტიტუტის სამეცნიერო ცხოვრებაში, არამედ, საზოგადოდ, საქართველოში ჰუმანიტარული კვლევების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტთან ფუნქციონირებს ორი სტუდენტური სამეცნიერო წრე (ხელმძღვანელები: პროფ. მ. ჩხარტიშვილი და ასისტ. პროფ. ლ. თავაძე).

 

ისტორია

2003-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების შედეგად საქართველოს ისტორიის კათედრის, საქართველოს ისტორიის კაბინეტის, ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნული კათედრის და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რაც თითქმის საუკუნის განმავლობაში აქვს საქართველოს ისტორიის კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს (ძვ. სტილით 26 იანვარი) გაიხსნა. იმ დროისათვის ერთადერთ, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ინსტიტუციური დანაწილება სამეცნიერო დარგების მიხედვით ხდებოდა. ამ დარგებს შორის იყო საისტორიო დარგიც. იმავე წელს შეიქმნა საქართველოს ისტორიის კათედრა, საქართველოს ისტორიის კურსი კვირაში ორი საათი იკითხებოდა, პირველი კურსი საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. მანვე ჩაატარა პირველი საისტორიო სემინარი.

1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრა სწორედ ამ ფაკულტეტში შედიოდა.

1934 წელს ეს ფაკულტეტი ორად გაიყო,  ისტორიის ფაკულტეტი ცალკე ჩამოყალიბდა. აქვე შედიოდა საქართველოს ისტორიის კათედრა.

საქართველოს ისტორიის კათედრა, როგორც სტრუქტურული ერთეული, 2006 წელს ფაკულტეტების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბებული ჰუმანიტარული ფაკულტეტის სისტემაში მოიაზრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის განხრით მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის – არაერთი აკადემიკოსი. საქართველოს ისტორიის მკვლევართაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა, რომლის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ის დღეს სწორედ მის სახელს ატარებს. ივანე ჯავახიშვილის გარდა, უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ისეთ ისტორიკოსებს, როგორებიც იყვნენ და არიან: აკად. სიმონ ჯანაშია, აკად. ნიკო ბერძენიშვილი, აკად. გიორგი მელიქიშვილი, პროფ. შოთა მესხია, პროფ. ნოდარ შოშიაშვილი,  აკად. როინ მეტრეველი, აკად. მარიამ ლორთქიფანიძე და სხვ. მათ შორის ზოგი დღესაც აგრძელებს სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას.


 

phoca thumb_l_tsu


 

Additional information