Logo

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი

 

Logo - CC

მიზნები

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი ფუნქციონირებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე და მიზნად ისახავს სამეცნიერო და სასწავლო პროექტების განხორციელებას ეროვნული ისტორიის დარგში. იგი აერთიანებს პროფესორებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ისტორიული წარსულის კვლევა და მისი მსოფლიო ისტორიულ პროცესში კონტექსტუალიზება უძველესი დროიდან მოკიდებული დღემდე, კერძოდ, სამეცნიერო ძიებათა ფოკუსშია შემდეგი ასპექტები:  საქართველოს პოლიტიკური, სოციალური ისტორია, ქართული კულტურის ისტორია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, ქართული იდენტობის ისტორია, ქართული ისტორიული აზრის ისტორია, საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა, საქართველოს ურბანული ისტორია, საქართველოს სამხედრო ისტორია, საქართველოს რეგიონალური ისტორია და სხვ.


შემადგენლობა

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში მუშაობენ: აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე, სამი სრული პროფესორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩხარტიშვილი (ინსტიტუტის დირექტორი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი თედო დუნდუა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვაჟა კიკნაძე; შვიდი ასოცირებული პროფესორი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი შველიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე, ისტორიის დოქტორი ანდრო გოგოლაძე, ისტორიის დოქტორი ბუბა კუდავა და ისტორიის დოქტორი ჯაბა სამუშია; ოთხი ასისტენტ პროფესორი - ისტორიის დოქტორი ქეთევან ნადირაძე, ისტორიის დოქტორი ქეთევან ქუთათელაძე, ისტორიის დოქტორი ბონდო კუპატაძე, ისტორიის დოქტორი აპოლონ თაბუაშვილი.

 

სასწავლო პროგრამები.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის პროფესორები მონაწილეობენ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის და სხვა ფაკულტეტების სასწავლო პროგრამებში. უკლებლივ ყველა არის ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედი ისტორიის ორივე საბაკალავრო პროგრამის (2008-2012  წლების რედაქცია, ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი და 2009-2013  წლების რედაქცია, ხელმძღვანელები  პროფ. თედო დუნდუა, პროფ. თეიმურაზ პაპასქირი, პროფ. ლევან გორდეზიანი) მონაწილე.

ასევე, უკლებლივ ყველა პროფესორი მონაწილეობს სამაგისტრო პროგრამაში ”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი). ინსტიტუტის პროფესორთა უმრავლესობა  მონაწილეობს სადოქტორო პროგრამაში ”ისტორია” (ხელმძღვანელები: პროფ. თ. დუნდუა, მ. ჩხარტიშვილი... პროგრამის კოორდინატორი  პროფ. ლევან გორდეზიანი) და ასევე "ისტორიის" ძველ სადოქტორო პროგრამაში (ხელმძღვანელი პროფ. ლ. გორდეზიანი)

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში მომზადდა და მოქმედებს, აგრეთვე, სადოქტორო  პროგრამები ”საქართველოს ისტორია” (ხელმძღვანელი პროფ. ვ. კიკნაძე) და ”საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია” (ხელმძღვანელები პროფ. გ. ალასანია და პროფ. მ. ჩხარტიშვილი).

 

საერთაშორისო თანამშრომლობა.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტს საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული აქვს შეთანხმება რომის ლა საპიენზას უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენთთან. ამას გარდა, თითოეული პროფესორი ინდივიდუალურად არის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის, სიმპოზიუმისა თუ სამუშაო შეხვედრის მონაწილე.


პუბლიკაციები

ამჟამად ინსტიტუტში პროფ. თედო დუნდუას თაოსნობით და ინსტიტუტის დოქტორანტების აქტიური მონაწილეობით გამოდის თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები.

პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა 2011 წლის 18 თებერვალს, სულ 2011 წელს გამოვიდა შრომების 4 ნომერი, მათ შორის, II ტომი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 135 წლის იუბილეს მიეძღვნა, ხოლო III ტომი შოთა მესხიას დაბადებიდან 95 წლის იუბილეს.

2012 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომების სპეციალური გამოშვების "დავით აღმაშენებელი და მისი ეპოქა" პრეზენტაცია გაიმართა, კრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 94 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ასევე მზადდება ინგლისურენოვანი ჟურნალი – Indo-Georgian Studies).

ინსტიტუტის თანამშრომელთა აქტიური მონაწილეობით მომზადდა სამეცნიერო კრებულები ”საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები” (ტომი 9, 2008, რედ. მ. ჩხარტიშვილი ) და ”ქართული წყაროთმცოდნეობა” (ტომი 12, 2010, რედ. გ. ალასანია და მ. ჩხარტიშვილი).

ყოველწლიურად, ცალკეული პროფესორების მიერ გამოქვეყნებულ სტატიების თუ მონოგრაფიების  საერთო რიცხვი  მრავალ ათეულს აღწევს.

 

სემინარები და კონფერენციები

საქართველოს ისტორიის დარგში უახლეს მიღწევები იქნა წარმოჩენილი საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციებზე, რომელიც, პირველად 2010 წლის 28-29 ოქტომბერს ჩატარდა, ხოლო მეორედ 2011 წლის 1-2 დეკემბერს

2011 წლის ‎27 აპრილს გაიმართა პროფესორ შოთა მესხიას დაბადებიდან 95 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

2009 წლის ნოემბერში საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის ინსტიტუტთან ერთად  იყო ორგანიზატორი მეოთხე საერთაშორისო  კონფერენციისა ”ვია ეგნატია” - კულტურული, პოლიტიკური, რეგიონალური იდენტობანი; ხალხები და სახელმწიფოები წარსულში და დღეს”. ეს სამეცნიერო ფორუმი  დიდი მნიშვნელობის მოვლენას წაროადგენდა არა მარტო ინსტიტუტის სამეცნიერო ცხოვრებაში, არამედ, საზოგადოდ, საქართველოში ჰუმანიტარული კვლევების განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს ისტორიის ინსტიტუტთან ფუნქციონირებს სამეცნიერო სემინარი (ხელმძღვანელი პროფ. მარიამ ჩხარტიშვილი), აგრეთვე, სტუდენტური სამეცნიერო წრე (ხელმძღვანელი პროფ. თედო დუნდუა).

 

ისტორია

2003-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე რეფორმების შედეგად საქართველოს ისტორიის კათედრის, საქართველოს ისტორიის კაბინეტის, ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის და საქართველოს ისტორიის კათედრასთან არსებული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნული კათედრის და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს და აგრძელებს იმ ტრადიციებს, რაც თითქმის საუკუნის განმავლობაში აქვს საქართველოს ისტორიის კვლევებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს, დავით IV აღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს (ძვ. სტილით 26 იანვარი) გაიხსნა. იმ დროისათვის ერთადერთ, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ინსტიტუციური დანაწილება სამეცნიერო დარგების მიხედვით ხდებოდა. ამ დარგებს შორის იყო საისტორიო დარგიც. იმავე წელს შეიქმნა საქართველოს ისტორიის კათედრა, საქართველოს ისტორიის კურსი კვირაში ორი საათი იკითხებოდა, პირველი კურსი საქართველოს ისტორიაში ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. მანვე ჩაატარა პირველი საისტორიო სემინარი.

1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა ისტორია-ლიტერატურის ფაკულტეტი, საქართველოს ისტორიის კათედრა სწორედ ამ ფაკულტეტში შედიოდა.

1934 წელს ეს ფაკულტეტი ორად გაიყო,  ისტორიის ფაკულტეტი ცალკე ჩამოყალიბდა. აქვე შედიოდა საქართველოს ისტორიის კათედრა.

საქართველოს ისტორიის კათედრა, როგორც სტრუქტურული ერთეული, 2006 წელს ფაკულტეტების სინთეზის შედეგად ჩამოყალიბებული ჰუმანიტარული ფაკულტეტის სისტემაში მოიაზრებოდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის განხრით მოღვაწეობდა მრავალი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის – არაერთი აკადემიკოსი. საქართველოს ისტორიის მკვლევართაგან, პირველ რიგში, აღსანიშნავია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მოღვაწეობა, რომლის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და  ის დღეს სწორედ მის სახელს ატარებს. ივანე ჯავახიშვილის გარდა, უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა შორის გამორჩეული ადგილი უკავიათ ისეთ ისტორიკოსებს, როგორებიც იყვნენ და არიან: აკად. სიმონ ჯანაშია, აკად. ნიკო ბერძენიშვილი, აკად. გიორგი მელიქიშვილი, პროფ. შოთა მესხია, პროფ. ნოდარ შოშიაშვილი,  აკად. როინ მეტრეველი, აკად. მარიამ ლორთქიფანიძე და სხვ. მათ შორის ზოგი დღესაც აგრძელებს სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას.

 

Additional information